აშშ-ში ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების ზრდა იწყება

აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაორმაგებული ტარიფები ძალაში შევიდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები 25%-დან 50%-მდე გაიზარდა.

ზრდა ყველა სავაჭრო პარტნიორს ეხება, გარდა დიდი ბრიტანეთისა, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უფრო ფართო სპექტრზე 90-დღიანი პაუზის დროს აშშ-სთან წინასწარი სავაჭრო შეთანხმება დადო. დიდი ბრიტანეთიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტის განაკვეთი 25 პროცენტზე, სულ მცირე, 9 ივლისამდე დარჩება.

„ჩვენ დავიწყეთ 25-დან და შემდეგ, მონაცემების უკეთ შესწავლის შემდეგ, მივხვდით, რომ მეტი დახმარებაა საჭირო. სწორედ ამიტომ 50-იანი ტარიფები იწყება“, – განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, კევინ ჰასეტმა.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ში გამოყენებული ფოლადის დაახლოებით მეოთხედი იმპორტირებულია და აღწერის ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ გაზრდილი გადასახადები განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს აშშ-ის უახლოეს სავაჭრო პარტნიორებს – კანადასა და მექსიკას.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ოფისმა განაცხადა, რომ კანადა „ინტენსიურ და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ და სხვა ტარიფების მოსახსნელად“.

„აზრი არ აქვს შეერთებული შტატებისთვის ტარიფის დაწესებას იმ პროდუქტზე, რომლებსაც ჭარბი შემოსავალი აქვთ“, – თქვა მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა, მარსელო ებრარდმა და დასძინა, რომ მექსიკა 6 ივნისს გადასახადის გაზრდისგან გათავისუფლებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები