კახა კალაძე შალვა პაპუაშვილის წერილზე საქართველოში ევროკავშირის ელჩისადმი -სიმართლე არ იმალება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის

ვიღაცები ცდილობენ პოლიტიკური სპეკულაციებით შეფუთონ პროცესები და ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწყობთ, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, – ასე გამოეხმაურა დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ღია წერილს საქართველოში ევროკავშირის ელჩისადმი.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა – გარედან წახალისებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რადიკალები, ის თანხები, რომელიც გარედან შემოედინებოდა, მიმართული იყო იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, პირდაპირ ერეოდნენ საპარლამენტო არჩევნებში, თავიანთი განცხადებებით, პოლიტიკური პოზიციებით, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი პრობლემა. თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს – ხედავს, თუ რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები ძალიან უხერხულია.

„სიმართლე არ იმალება, ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. როდესაც ოფიციალური თანამდებობის პირები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოება წარმოუდგენელია 2030 წლამდე, ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ და გახსოვთ, თუ რა პროცესები მოჰყვა ამას.

ვიღაცები ცდილობენ პოლიტიკური სპეკულაციებით რაღაცები შეფუთონ და ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწყობთ, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, რაც საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მან ე.წ. FARA-ს კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე.

„ყველა თანხა, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ – ვისგან ფინანსდებიან და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება. როდესაც მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ხდება, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოების პოლარიზაცია და ამას უცხოეთიდან აფინანსებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა, რასაც ყოველთვის შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები