ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, 2025 წლის 30 მაისს თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს.

ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა გახსნა და შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან გულითადი მადლობა გადაუხადა საზეიმო სხდომაში მონაწილეობისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბატონ გია ვოლსკის. ამასთანავე, მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს; თბილისის ვიცე-მერს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ როინ მეტრეველს; აკადემიკოსებს; ქალბატონ ანა ბაგრატიონს – ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელს; კონფერენციის მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს; სასულიერო პირებს; მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს; უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენს, მის აღმატებულებას, ცისის ტიტულარულ არქიეპისკოპოსს, წმინდა საყდრის დესპანს ანტე იოზიჩს; თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრებს; პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს, ასევე, სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, ლექტორებსა და სტუდენტებს, საერთოდ, დამსწრე საზოგადოებას.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა აღნიშნული კონფერენციის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და ზოგადქრისტიანულ მნიშვნელობაზე და დასძინა: „მთელი ქრისტიანული სამყარო წელს განსაკუთრებულად იხსენებს ნიკეის საეკლესიო კრებას, რომელიც 325 წელს ჩატარდა და გარდამტეხ მოვლენად იქცა ეკლესიის ისტორიაში. სინოდალობა არის ფუნდამენტი წმინდა ეკლესიისა“.

საზეიმო სხდომაზე მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე). საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ; თბილისის ვიცე-მერმა, ბატონმა გიორგი ტყემალაძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, ბატონმა როინ მეტრეველმა; მისმა აღმატებულებამ, ცისის ტიტულარულმა არქიეპისკოპოსმა, წმინდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა; ბუდაპეშტის საპიენტიას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, მღვდელმა იაკო ფეერვარმა; საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ჟურნალის – „თეოლოგია“ – რედაქტორმა, ბატონმა ალექსანდროს კაციარასმა.

თითოეულმა გამომსვლელმა უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, მადლობა გადაუხადეს საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, პირადად მის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს მეტად მასშტაბური და წარმომადგენლობითი ხასიათის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებისა და იმ მნიშვნელოვანი მოვლენის ღირსეულად აღნიშვნისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1700 წლის წინ ნიკეაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სვიმონ ჯანგულაშვილი; თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი, ხელმძღვანელი – ლაშა ზაალიშვილი – თეოლოგიის მაგისტრი, საეკლესიო მუსიკოლოგიის დოქტორანტი.

მეორე დღე, 31 მაისი, სამუშაო სხდომას მიეძღვნა.

სამუშაო სხდომა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სხდომას ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია.

მოხსენებებით წარდგნენ: 1. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ანანია (ჯაფარიძე) – მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – „ნიკეის მსოფლიო კრებაში მონაწილე პიტიუნტის საეპისკოპოსო კათედრა და საქართველოს ეკლესიის ჩამოყალიბება“. 2. მიქაელ ჰიალმი – შვედეთი, სტოკჰოლმი. სტოკჰოლმის წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი – „საყოველთაო ეკლესია: სინოდალობა კონსილიარიზმის ნაცვლად“ . 3.მღვდელი სერაფიმ სმენსგარდი – შვედეთი, სტოკჰოლმი. სტოკჰოლმის წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის ასისტენტი, პროფესორი – „დიალოგური სწავლება ანთროპოლოგიურ ზღვარზე: ფრეიერისა და ჰორუჟისეულ ხედვათა კავშირი ადამიანის ჩამოყალიბების შესახებ“. 4.იღუმენი ისააკ ბაანი – უნგრეთი, ბუდაპეშტი. თეოლოგიის დოქტორი, ბუდაპეშტის საპიენტიას უნივერსიტეტის პროფესორი – „პრიმატი და სინოდალური ფუნქციონირება დასავლურ სამონასტრო ცხოვრებაში წმ. ბენედიქტეს წესთან მიმართებით“. 5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი – საქართველო, თბილისი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, თეოლოგიის მაგისტრი – „სინოდალობა და პრიმატი ეკუმენურ და ტოპიკურ (ადგილობრივ) დონეზე“. 6. დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი – საქართველო, თბილისი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის პედაგოგი, თეოლოგიის დოქტორი – „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის გაფართოებული საეკლესიო კრება და მასზე მიღებული დოგმატურ-კანონიკური სწავლებები“.

სხდომის დასასრულს კონფერენციის მუშაობა შეაჯამა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან გულითადი მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს მაღალაკადემიურ დონეზე მომზადებული მოხსენებებისათვის და მათი ცალკე კრებულად გამოცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. ისაუბრა პატრიარქის განსაკუთრებულ დამსახურებაზეც საქართველოში საღვთისმეტყველო განათლების აღორძინებისა და განვითარების მიმართულებით.

გულწრფელი და ემოციური იყო კონფერენციის უცხოელი მონაწილეების სამადლობელი სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, პირადად მისი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ. თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობისა და გულითადი მასპინძლობისათვის.

კონფერენციის სამუშაო ენა იყო ქართული და ინგლისური. მოხსენებების სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდნენ საერთაშორისო კვალიფიკაციის თარჯიმნები – ქ-ნი ლალი კერესელიძე და ქ-ნი თამარ ნეფარიძე.

ღონისძიების დასასრულ, თბილისის სასულიერო აკადემიის გუნდმა, ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული საგალობლები შეასრულა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები