გიორგი ცუცქირიძე: ქართული ოპოზიციური სპექტრის მთავარი პრობლემა ცრუ მოლოდინების მუდმივი ტირაჟირებაა, რაც ქმნის გაურკვევლობის მაღალ რისკებს

ქართული ოპოზიციური სპექტრის მთავარი პრობლემა არის ცრუ მოლოდინების მუდმივი ტირაჟირება, რაც გარდა იმისა, რომ კონტრპროდუქტიულია, ქმნის გაურკვევლობის მაღალ რისკებს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაურკვევლობის მაღალი რისკის გამო, ოპოზიცია 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებს აგებს.

„ქართული ოპოზიციური სპექტრის მთავარი პრობლემა არის ცრუ მოლოდინების მუდმივი ტირაჟირება, რაც გარდა იმისა, რომ კონტრპროდუქტიულია, ქმნის გაურკვევლობის მაღალ რისკებს. სწორედ ამ გაურკვევლობის მაღალი რისკის გამო, აგებს ოპოზიცია ყველა არჩევნებს 2012 წლიდან მოყოლებული და არა მხოლოდ ხელისუფლების ალტერნატივის ვერ დადების გამო.

ამის კიდევ ერთი მაგალითი არის დღეს დილიდან ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, თითქოსდა აშშ-ის კონგრესის სენატორი, სტივ დეინსი დღეს მხოლოდ ოპოზიციას შეხვდა. მეტიც, ხელისუფლებისთვის „წითელი ბარათის“ საჩვენებლად არის ჩამოსული. ამ დროს, სულ რამდენიმე საათში ვიგებთ, რომ მას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, რასაც სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა, სადაც ხაზგასმულია, რომ:

„სენატორი დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების განსახილველად დღეს გამართულ შეხვედრას მიესალმება“!

ამასთან, სენატორმა დაადასტურა „საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განსავითარებლად“.

ვფიქრობ, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მისი თბილისში ვიზიტიდან, რითაც მან ფაქტობრივად წერტილი დაუსვა, ბოლო დროს სახელმწიფო მდივნის რუბიოს კომენტართან და პრეზიდენტ ტრამპის წერილთან დაკავშირებულ  სპეკულაციებს ჩვენთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის საქართველოს პრეზიდენტისადმი დამოუკიდებლობის დღის მოლოცვას მოყვა, რეალურად არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ცნობილ წერილზე პასუხი. ამ წერილთან დაკავშირებითაც არაერთი ვერსია მოვისმინეთ, თითქოსდა წერილს არც არავინ წაიკითხავდა, რადგან საქართველო რადარებიდან იყო „გამქრალი“. ამ დროს, როდესაც პოლიტიკაში გსურს იყო, ის მაინც უნდა იცოდე, რომ ასე გახმაურებულ წერილს, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ქვეყნის საელჩო ეცნობა, რეაგირება აუცილებლად ექნებოდა, რაც საქართველოს ხელისუფლების აქტივში უნდა ჩაიწეროს.

გავლენიანი ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის გზავნილი, სადაც ის აფიქსირებს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლებისადმი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საერთო ინტერესების ერთიან კონტექსტში, ოპოზიციის კიდევ ერთ ნარატივს აქარწყლებს ხელისუფლების „არალეგიტიმურობაზე“ თუ საერთაშორისო იზოლაციაზე.

ამის კიდევ ერთი დასტურია ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი იღებს მონაწილეობას. მათ შორის, ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები. ამასთან, მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების – Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის წარმომადგენლები“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები