გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში – ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, სამეგრელოში – ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, იმერეთში – წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში – ხაშურის მუნიციპალიტეტში, კახეთში – ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში – თიანეთის მუნიციპალიტეტში და სამცხე-ჯავახეთში – ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვის სახეობის 15 ერთეული, მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 35 ერთეული მორი და დაახლოებით 51 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ანხორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყით სარგებლობის, თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.