პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზები ახლა მაინც უნდა მოეგონ გონს!
რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოსკოვის მიერ სოხუმის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია – ასეთი კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქოს თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას შესახებ.
მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი პირველ რიგში მიმართულია სწორედ აფხაზური საზოგადოების და აფხაზური თვითმყოფადობის წინააღმდეგ.
სახელმწიფო მინისტრი “საინტერესო მოვლენად” მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის დღევანდელმა ე.წ. მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნება საჭიროდ ჩათვალა.
“აფხაზები ახლა მაინც უნდა მოეგონ გონს. ამდენ ხანს ისინი თითქოს აღტაცებული იყვნენ იმ პოლიტიკით, რასაც რუსეთი ახორციელებდა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოება შეშფოთებულია. მათი აღიარების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს რუსეთი, რაც თავისთავად საინტერესო ფენომენია – მოსკოვს სამიზნედ უკვე ამორჩეული ჰყავს არა მთლიანად საქართველო, არამედ აფხაზური საზოგადოება”, – განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ სწორედ ქართული მხარის სწორმა პოლიტიკამ აიძულა რუსეთი, ეჭვქვეშ დაეყენებინა აღიარების პოლიტიკა.