,,დღეს, “ქართული ოცნება” საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი!”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი შეფასებით, ივანიშვილმა ქვეყანას პროგრესი მოუტანა.
,,მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა. ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.
ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.