ნინო თანდილაშვილი: „საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს წევრობისგან კლიმატის ცვლილების კუთხით საერთაშორისო კონვენციებში და შეთანხმებებში“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა, გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო პასუხობს კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევას. ასევე, სრულად ასრულებს კლიმატის ცვლილების ეროვნულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ სათბური გაზების ემისიების შემცირებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის კლიმატ გონივრულ განვითარებას.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს წევრობისგან კლიმატის ცვლილების კუთხით საერთაშორისო კონვენციებში და შეთანხმებებში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი კონვენცია – გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია და ასევე, პარიზის შეთანხმება, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ძალიან კონკრეტულ ვალდებულებებს განუსაზღვრავს კლიმატის ცვლილების კუთხით.
მომდევნო წლებში უფრო მეტი ამბიციური პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მოგვიწევს, რადგან მავნე აირების გაფრქვევის 50%-მდე შემცირება 2035 წლისთვის ეს არ არის მარტივად შესასრულებელი მაჩვენებელი. თუმცა, იმ გათვლებით და იმ კონკრეტული პროექტებით, რაც სახელმწიფოს აქვს გეგმაში, სამთავრობო პროგრამით, რაც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს და რა პროგრამითაც ვხელმძღვანელობთ სხვადასხვა სექტორის დაგეგმარების და განვითარების პროცესში, ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულია საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების პოზიტიურად შესრულებასთან და გვაძლევს სწორედ ამბიციის გაზრდის საშუალებას, რომ ფაქტობრივად გავანახევროთ 2035 წლისათვის ჩვენი ეროვნული გაფრქვევები“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო პროცესებში. ქვეყანა არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის და მისი პარიზის შეთანხმების მხარე. შესაბამისად, საქართველომ ამ შეთანხმებების ვალდებულებით მოამზადა თავისი ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), რითაც აიღო უპირობო ვალდებულება 2030 წლისთვის, სათბური გაზების ემისიები 35%-ით შეამციროს 1990 წლის დონესთან შედარებით.
NDC-ის შერბილების ნაწილის შესასრულებლად, ქვეყანამ დაამტკიცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი – საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია, რომელიც დეტალურად აღწერს სამიზნე მიმართულებებს და ქმედებებს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ახლა ვიწყებთ მუშაობას, არის ეროვნული ადაპტაციის გეგმა. სწორედ ეროვნული ადაპტაციის გეგმის მიზანი გახლავთ ის, რომ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა და განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიებები, იმისთვის თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ ჩვენ ადაპტირება შეცვლილ კლიმატურ პირობებთან“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მზადდება საერთაშორისო ანგარიშები, მათ შორის მეხუთე ეროვნული შეტყობინება, გამჭვირვალობის და ინვენტარიზაციის ანგარიშები, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებს წარედგინება და რომელიც დადებითად აფასებს იმ ტემპს, რაც საქართველოს აქვს ბოლო წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილების კუთხით, როგორც პოლიტიკის დაგეგმვის, ასევე, მისი შესრულების ნაწილში.