თეა ახვლედიანმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სტუმრებს ქართული ენის დღე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გია ალიბეგაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, განათლების მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა.

„დღევანდელ ღონისძიებაზე ყურადღება გავამახვილეთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ენის და მისი სახელმწიფოებრივი სტატუსის დაცვის მნიშვნელობაზე. ამ თვალსაზრისით, მსურს, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, ყველა იმ ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს და დღესაც ასრულებენ ქართული ენის დაცვასა და განვითარებაში; ასევე, ყველა იმ პედაგოგის მიმართ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლებასა და პოპულარიზაციაში, რაც ნამდვილად, ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და კონსოლიდაციის პროცესში,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები