“გმირებს არავინ ასამართლებს, პირიქით, მათი სახელი უკვდავია, მაგრამ იმ ხალხის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვა, რომლებიც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდნენ” – ნიკოლოზ მეტრეველი
“საზოგადოებას მინდა, ძალიან მკაფიოდ ვუთხრა, რომ გმირებს არავინ ასამართლებს, პირიქით, მათი სახელი უკვდავია, მაგრამ იმ ხალხის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვა, რომლებიც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდნენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მეტრეველი “2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” საქმიანობას გამოეხმაურა.
“ჩვენი საუბარი, პირველ რიგში, საგამოძიებო კომისიას და ზოგადად იმ პროცესებს შეეხება, რაც ქვეყანაში ვითარდება. გამოძიების საგანია მთლიანობაში ის, რაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს მოხდა. აქ მარტო ომის გამოძიება არ მიდის. საზოგადოებამ რომ იცოდეს, მიდის მთლიანად იმ პროცესების გამოძიება, რაც იმ სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა. აქ უამრავი ეპიზოდია. მე განსაკუთრებით მინდა, აგვისტოს ომს შევეხო:
დიახ, გიორგი ანწუხელიძე გმირია, ასევე ყველა გმირია, ვინც ამ ომის დროს დაიღუპა. სამწუხაროდ, მარტო გიორგი არ დაღუპულა, უამრავი პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა. ყველა ადამიანი, ვინც თავი ქვეყნის ერთიანობას, მთლიანობას შესწირა, გმირია. ამას არავინ განიხილავს. მავანი ცდილობს, რომ ამას ამოეფაროს, რომ, თითქოს, რაღაცნაირად ჯარისკაცების საქმიანობის განხილვა მიდის. აქ მიდის საუბარი და განხილვა იმისა, შეგვეძლო, თუ არა ეს გმირი ბიჭები გადაგვერჩინა, ხომ არ იყო ამის შესაძლებლობა? ხომ არ გაიცა დანაშაულებრივი ბრძანებები? რატომ ჩავარდა გიორგი ტყვედ? ყველამ ვიცით, რომ ის, რა თქმა უნდა, ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ რა ბრძანებები გაიცა? ჩვენ კონკრეტულად გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ვიცით, რომ მაგალითად, კორუმპირებული, ბიუჯეტის ქურდი, გიგი უგულავა იქ , ბრძანებებს გასცემდა, ღიად გვახსოვს, როგორ გასცა მან ბრძანება მორატორიუმთან დაკავშირებით, რომ სროლა უნდა შეჩერებულიყო. რა უფლებით? ვინ მისცა ეს მანდატი ამ ადამიანს, რომ აგვისტოს ომის დროს მსგავსი უფლებამოსილებით ემოქმედა? ამაზეა საუბარი. ამაზე საუბრობდა ყურაშვილი, გოგავა, რომ იქ ხარვეზები, შეცდომები იყო. ამ ხარვეზების, შეცდომების ერთობლიობამ ხალხის, ჯარისკაცების, პოლიციელების გარდაცვალება გამოიწვია. ამის გამოძიება მიდის. მე საზოგადოებას მინდა, ძალიან მკაფიოდ ვუთხრა, რომ ამ გმირებს არავინ ასამართლებს, პირიქით, მათი სახელი უკვდავია, მაგრამ იმ ხალხის მიმართაა ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდა. ეს ყველაფერი გამოიკვეთება, ძალიან მალე გაირკვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პასუხისმგებლობას გაექცევა.
კიდე ერთი მომენტია: რა თქმა უნდა, რუსეთი აგრესორი იყო, თუმცა, არაერთი განცხადებაა, სამწუხაროდ, სააკაშვილის და სხვების მხრიდან გაკეთებული, რომელმაც, ასე ვთქვათ, ომის დაწყებას ტრიგერი მისცა. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. რა თქმა უნდა, რუსეთი აგრესორია, მაგრამ ხელისუფლების შეცდომების შედეგად დაიწყო ომი. ჩვენ ამ ომის არიდება შეგვეძლო, მაგრამ ამ გაურკვეველი ხალხის ძალიან საეჭვო მოქმედებების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: დაკარგული 100 სოფელი, დაკარგული კოდორი, უამრავი უბედურება და გარდაცვლილი ადამიანი”- განაცხადა მეტრეველმა.