საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
შეხვედრაზე განიმარტა, რომ პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების – FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი სასანია და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე – ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა – პირველ ეტაპზე, სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სხვა სერვისებზეც გავრცელდება.