“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სატელევიზიო მედიაში გასულ სიუჟეტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყლის ინფილტრაციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში წერია, სიუჟეტში წარმოდგენილი შეფასებები არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
“სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააგენტო რეგულარულად ატარებს მონიტორინგს, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს.
წყლის ინფილტრაციის ფაქტის დაფიქსირებისთანავე სააგენტოს ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ ჩავიდა ადგილზე და სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა არსებული მდგომარეობა, გამოკვეთა ინფილტრაციის სავარაუდო გამომწვევი მიზეზები და დაგეგმა პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და დარგის სპეციალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.
საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ სვეტიცხოველში გუშინ აღმოჩენილი პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულარულად გავრცელდება განახლებული ინფორმაცია”, – წერია ინფორმაციაში.