ყარაბაღს 47 ათასზე მეტი სომეხი ტოვებს – ტერიტორია მოსახლეობის მესამედმა დატოვა
მთიანი ყარაბაღი, 27 სექტემბრის მდგომარეობით, 47 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა
ამის შესახებ Radio Azatutyun სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივნის თქმით, ადგილობრივ დროით 12:00 საათის მდგომარეობით, დევნილთა რიცხვი 47 ათასს აჭარბებს.
გამოცემა წერს, რომ, რეგიონის 2015 წლის აღწერის მიხედვით, ყარაბაღში დაახლოებით 145 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თითქმის ყველა ეთნიკური სომეხი იყო. შესაბამისად, სამ დღეში ტერიტორია მთლიანი მოსახლეობის მესამედმა დატოვა.
ხალხი ჩადის სომხეთის სასაზღვრო ქალაქ კორნიძორში, შემდეგ მათ აგზავნიან ერთ-ერთ სარეგისტრაციო ცენტრში და ანაწილებენ.
პრესმდივნის თქმით, მხოლოდ 10%-მა ისარგებლა ხელისუფლების ამ მხარდაჭერით, უმრავლესობა კი დამოუკიდებლად ეძებს განსახლების ვარიანტებს.