“თუ ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა გაჩნდება, ყოყმანის გარეშე მივიერთებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს მიმართავს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საზღვართან ე.წ მეორე ფრონტის გახსნის რეალური მცდელობა იქნება, ან საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთს და ე.წ.სამხრეთ ოსეთს აღიარებს და, სავარაუდოდ, თბილისში შეიჭრება, რადგან ახსენებს დასავლეთს, რომ 2008 წელს თბილისზე თავდასხმა საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ გადაიფიქრა.

​ამის შესახებ მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაწერილ სტატიაში ამბობს.

“დასავლეთმა უნდა გაითავისოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მივაღწიეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრას და მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ დღეს ვითარებას ისევ აქტიურად ამწვავებენ, როგორც ჩანს, უკრაინის ფლანგთან ერთად, ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შესაქმნელად. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე. თითქოს დაკვეთით, ისევ დაიწყო ამ ქვეყანაში რუსოფობიური აფეთქებები.

2008 წლის ისტორიის გამეორება არ გვჭირდება. ჩვენ ისევ ვართ მზად, მოვაგვაროთ პრობლემები მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური კონტურები გამოუჩნდება – არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების იდეა ისევ პოპულარულია.  სრულებითაც შესაძლებელია, რომ იყოს რეალიზებული, თუ ამის მკაფიო მიზეზები გამოჩნდება.

დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მორიგი სამარცხვინო მარცხი იქნება და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო. ისტორია კი მკაცრად სჯის მათ, ვინც მის გაკვეთილებს უგულებელყოფს”, – შეაჯამა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები