როგორია შრომითი მიგრანტების გალის რაიონში ყოფნის პირობა – ე.წ. სუს-ის სასაზღვრო რაზმის უფროსი
“უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გალის რაიონში, მის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ გააჩნიათ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ან კოლექტიური საშვი”, – განაცხადა ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, გალის რაიონში შრომითი მიგრანტების რაოდენობა იზრდება კაკლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეგროვების პერიოდში.
ძირითადად ესენია უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები.
როგორც ლატიპოვმა აღნიშნა, ყველაზე ხშირად ისინი ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, რომელსაც ადგილობრივი დამსაქმებელი ხელმძღვანელობს. მან განმარტა, რომ თუ უცხოელი შრომითი მიგრანტები “სასაზღვრო ზონაში სამ დღეზე მეტ ხანს რჩებიან, ისინი ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ დროებით მისამართზე”.
“მოქალაქეები, რომლებიც სასაზღვრო ზონაში მუშაობას და არა ცხოვრებას გეგმავენ, იღებენ ნებართვას, რომლის მოქმედების ვადაა ერთი წელი. სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევის შემთხვევაში, პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა 4800-დან 6000 რუბლამდე, ხოლო ჯარიმის დროულად გადაუხდელობა და წლის განმავლობაში წესების განმეორებითი დარღვევა, 15 დღის ვადით დაპატიმრებას იწვევს”,- განმარტა ლატიპოვმა.