“2008 წელს რუსეთი იძულებული გახდა აგრესორის მიმართ, მშვიდობისკენ მიმართული ოპერაცია გაეტარებინა” – ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავს გამოეხმაურა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმ დღის მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვდა და რუსეთი იძულებული გახდა აგრესორის, მშვიდობისკენ მიმართვის ოპერაცია გაეტარებინა.
“2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა, ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოღალატურად დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს. პარალელურად მოხდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ კრიმინალურ ავანტიურას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, როგორც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებში, ისე რუს სამხედროებს შორის. ქართული აგრესიის არაპროვოცირებადი ხასიათი მოგვიანებით, ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიაში კონფლიქტის მიზეზების საგამოძიებო საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელსაც ტალიავინი ხელმძღვანელობდა. იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა.
შექმნილ ვითარებაში რუსეთი იძულებული გახდა აგრესორის მშვიდობისკენ მიმართვის ოპერაცია გაეტარებინა. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. გასული წლების განმავლობაში ამ ქვეყნებმა მიაღწიეს ხელშესახებ შედეგებს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების რთულ გზაზე. უცხო ქვეყნებთან მათი კონტაქტების ქსელის გაფართოებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტის გაძლიერების პროცესი გრძელდება”,- თქვა ზახაროვამ.