“15 წლის წინ რუსეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო – ჯარები შეიყვანა სამხრეთ ოსეთში და ქართველი სამხედროები განდევნა” – ახსარ ჯიოევი

“თხუთმეტი წლის წინ, საქართველოს მცდელობა დაეპყრო სამხრეთ ოსეთი წარუმატებელი აღმოჩნდა – 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი გამოვიდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დასაცავად, რესპუბლიკაში ჯარები შეიყვანა და ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ქართველი სამხედროები რეგიონიდან განდევნა”, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ. რესპუბლიკა გადარჩა “რუსი და ოსი სამშვიდობოების, სამხედროების და მილიციის გამბედაობისა და გამძლეობის წყალობით”.

 

მან თქვა, რომ “რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო – აიძულა აგრესორი მშვიდობისკენ და აღიარა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა”.

 

ჯიოევის თქმით, “ეს გახდა რესპუბლიკის სტაბილური განვითარებისა და მშვიდი მომავლის იმედის გასაღები”.

 

“რუსეთი არის სამხრეთ ოსეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტი”, – თქვა მან.

 

ჯიოევი მიიჩნევს, რომ მთავარი საკითხია “საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწეროს ხელი. მსგავსი დოკუმენტის აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება ამიერკავკასიაში შეერთებული შტატების და ნატოს გააქტიურების ფონზე. საქართველოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა ხელს არ უწყობს ნდობის აღდგენის გაძლიერებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები