„მთელი ოჯახი სამოთხეში ვიყავით, ნახევარ საათში კი ჯოჯოხეთში მოვხვდით“ – რას ჰყვება შოვში სტიქიას გადარჩენილი ახალგაზრდა

დავით ჯელაძე, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა, 3 აგვისტოს მოვლენებს იხსენებს.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, შოვის კოტეჯის წინა მხარეს ყველაფერი წაღებული იყო და წინ წასვლა შეუძლებელი გახდა.

„სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…

წამოსვლა დავაპირეთ სახლში და რომ მოვდიოდით, სანამ სანსეტ კოტეჯამდე მოვდიოდით იქ გავჩერდით, მინერალური წყალი დავლიეთ და სახლში ვაპირებდით წასვლას და რომ წამოვედით, ხიდზე რომ შემოვედით საშინელებები ხდებოდა, წინ ყველაფერი წაღებული იყო.

შოვის კოტეჯის წინა მხარე ყველაფერი წაღებული იყო, წინ წასვლა შეუძლებელი გახდა, შემდეგ, გადავწყვიტეთ ტყეში უკან გავბრუნებულიყავით, მაგრამ რომ დავაპირეთ უკან წასვლა, მიწის მასამ გზა ჩაგვიკეტა, შეუძლებელი იყო გადასვლა. ამ ხეებმა და ქვის მასამ სულ ამოავსო ის ადგილი მინერალური წყალი სადაც იყო. იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ზოგმა მოასწრო ტყეში შესვლა, ზოგმა არ ვიცი…არ ვიცი, გადარჩნენ თუ არა…და ისმის საშინელი ხმა, საიდან მოდის ეს ხმა, ვიყურებით და ზემოთ რომ გავიხედეთ, მიწის მასა მოდის უსწრაფესად და ძალიან მაღალი. მიწა იყო ხეებით და დიდი ქვებით გატენილი​“, – აცხადებს დავით ჯელაძე.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები