დავით ნარმანია დედაქალაქის ყოფილი გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხს არ გამორიცხავს
მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველ გუნდს საბიუჯეტო სახსრების გახარჯვაში ადანაშაულებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საბიუჯეტო რესურსის დიდი ნაწილი დახარჯულია, მათ შორის სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი რესურსი.
“სხდომაზე გამგებლები პირველად ინფორმაციას წარმოადგენენ, თუ რა ბიუჯეტი და რა პროგრამები დახვდათ მათ, ბიუჯეტის მუხლები და პრაქტიკულად სრულად არის გახარჯული სოციალური დახმარების ნაწილი, ასევე სრულად არის გახარჯული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში თბილისის საკრებულოს ბიუჯეტში ცვლილების პროექტს შევთავაზებთ, რათა სოციალური თვალსაზრისით მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. უმჯობესი იყო წინასაარჩევნო პერიოდში უფრო ყაირათიანად ეხარჯათ სახსრები. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი თანამდებობის ყოფილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“,- განახადა ნარმანიამ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის მერიაში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პირველი სხდომა იმართება. გამგეობებში არსებული ვითარებისა და ბიუჯეტის შესახებ ანგარიშს დავით ნარმანია ახალი გამგებლებისგან პირადად მოისმენს.