ზაზა გაბუნია: ალეკო ელისაშვილისგან კრიტიკას ვერ მივიღებ
საკრებულოს ოპოზიციამ თბილისის მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭერა.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა კი მთავრობის ახალი შემადგენლობის მხოლოდ ნაწილს გამოუცხადა ნდობა.
როგორც ელისაშვილმა განმარტა, მათ შორის მან მხარი არ დაუჭირა ზაზა გაბუნიას და ალექსანდრე მარგიშვილს.
ელისაშვილის პოზიციაზე კომენტარი გააკეთა ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნიამაც და განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილისგან კრიტიკას ვერ მიიღებს.
“იმ ფონზე, როდესაც მე ორი ათას ორასი დღე გავატარე თბილისის მუნიციპალიტეტში, ალეკო ელისაშვილისგან, რომელსაც თბილისის თვითმმართველობაში მუშაობის სულ რაღაც 20- დღიანი გამოცდილება აქვს, ვერავითარ კრიტიკას და შენიშვნას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა, მათ შორის მერის მოადგილეები დაამტკიცა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა დაიკავა, თბილისის მერის მოადგილეები კი გახდნენ: ნინო ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.