მიმდინარე კვირას პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს
საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა 21-24 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებების შემდეგ, თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ ჯგუფს – „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წარმომადგენელს დაეთმობა.
ბოლო სასესიო კვირაში, დეპუტატები, კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებსაც გაეცნობიან. ბიუროს სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.