„კოდუა იმდენ სიბინძურეს აკეთებდა, როგორ უნდა ენდო ამ ადამიანს“

  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძის განცხადებით, კოდუას ვერსია, რომ თითქოს მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა შეუკვეთა, სიმართლე არ არის.
როგორც დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას გუშინდელი განცხადებების შეფასება მნიშვნელოვანი არ არის.
“კოდუას პიროვნებიდან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ მისი ზღაპრები, მონაყოლი თუ ქმედებები საჭიროებს შეფასებას. კატეგორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ მას ბადრიმ გოგას მკვლელობა შეუკვეთა. კოდუა იმდენს სიბინძურეს აკეთებდა, როგორც უნდა ენდო ამ ადამიანს. კაცის, რომელსაც ფეხში მოსასმენი აპარატი ჰქონდა ჩამონტაჟებული, მისი ნდობა არ შეიძლება”, – განაცხადა საგანელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ერეკლე კოდუამ გუშინ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა.
კოდუა ამბობს, რომ პატარკაციშვილის სურვილი იყო, მომკვდარიყო მისი გუნდის ოთხი წევრი, რაც ხელისუფლებას დაბრალდებოდა.
“ეს იყო გოგა ხაინდრავა და დანარჩენ სამ ადამიანზე სიას მომაწვდიდა. ის იცილებდა მისი გუნდის ისეთ წევრებს, რომ საზოგადოება 100%-ით ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა”, – აღნიშნა სოდ-ის ყოფილმა უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები