ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანება გამოსცა
პრემიერის შესაბამისი ბრძანებულებით, კულტურის მინისტრის მოადგილედ ისევ მანანა ბერიკაშვილი დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანება გამოსცა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იქნება გიორგი სომხიშვილი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა და პოსტიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.
უკვე ცნობილია დევნილთა მინისტრის ოთხი მოადგილის ვინაობაც. სოზარ სუბარის ერთ-ერთი მოადგილე გიგა გიორგაძე იქნება, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა სასჯელაღსრულების სამინისტროში სუბარის ხელმძღვანელობის დროსაც. რაც შეეხება სხვა მოადგილეებს, ესენი არიან მამუკა ცოტნიაშვილი, გოგი ფაცაცია და შოთა რეხვიაშვილი, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დარჩნენ.
პრემიერმა ასევე მოაწერა ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრის სამი მოადგილის დანიშვნის ბრძანებასაც. ოთარ დანელიას მოადგილეები იქნებიან გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი.