დავით ნარმანია ხვალ თბილისის მთავრობას წარადგენს
თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია ხვალ დედაქალაქის მთავრობას წარადგენს და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.
ნარმანიას შტაბის ინფორმაციით, დავით ნარმანია მერიაში 12:00 საათზე მივა და მედიისთვის პირველ კომენტარს გააკეთებს. 13:00 საათზე მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდება, 14:00 საათზე კი, თბილისის მთავრობის შემადგენლობას წარადგენს. წარდგენილი იქნებიან როგორც თბილისის ათივე რაიონის გამგებლები, ისე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები.
კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მთავრობას, მერის წარდგინების საფუძველზე, თბილისის საკრებულო დაამტკიცებს.
“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, თბილისის მერის უფლებამოსილების ცნობა არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს ხდება. შესაბამისად, ხვალ, 2 აგვისტოს, დავით ნარმანიას თბილისის მერის რანგში პირველი სამუშაო დღე ექნება.