ხატია წილოსანი – “ნამოხვანჰესზე”: კომპანიის მიერ გაცემული კომპენსაციები მიწის ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებით 30 მილიონზე მეტია უკვე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის ინფორმაციით, რიონის ხეობაში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ინვესტორს მოსახლეობისგან უკვე გამოსყიდული აქვს.

როგორც წილოსანმა” რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა კომპენსაციების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიამ უკვე გადაუხადა 30 მილიონზე მეტი ლარი.

“შეიძლება, ბატონი ვარლამ გოლეთიანი არ ესწრებოდა ამ განხილვას, მაგრამ ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა სრულად განხორციელდა. შეხვედრები ჩატარდა 2017 და 2018 წლებში, შემდეგ განახლებული, კორექტირებული გეგმების წარმოდგენის შემდეგ კვლავ იყო კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან.

მეტსაც გეტყვით, რომ წინა პერიოდში, სანამ ჩვენ მივიღებდით გარემოსდაცვით კოდექსს, მანამდე ევალებოდა კომპანიას, რომ ჩაეტარებინა მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, ახალი კოდექსის მიხედვით, სახელმწიფოს ევალება უკვე მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

ორ ნაწილად გავყოთ საკითხი – ერთი, რომ პროტესტს გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს რიონის ხეობის მოსახლეობას და მეორე – იდეის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების ერთობა, რომლებიც შეუერთდნენ ამ აქციას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ პირველ კატეგორიაზე და მინდა, აღვნიშნო, რომ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ძალიან დიდი ნაწილი კომპანიის მიერ არის გამოსყიდული ადგილობრივი მოსახლეობისგან და მიმდინარეობს იურიდიული და სამართლებრივი პროცედურების განხორციელება, რომ ეს საკითხი იყოს იურიდიულად გამართული. რაც შეეხება კომპანიის მიერ გაცემულ კომპენსაციებს მიწის ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებით, 30 მილიონზე მეტია უკვე გაცემული”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები