დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტარების განწყობა მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები
„ევროპარლამენტის დოკუმენტსა და ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსა და ქართველ ხალხს, მაგრამ არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ოქტომბრის არჩევნები გარდამტეხი ცვლილებების მომტანი იქნება.
“ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც. ეს ტენდენცია მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები – გარდამტეხი ცვლილებები იმისთვის, რომ საქართველოში გამოსწორდეს ვითარება და აღარ გახდეს საჭირო ყველა ის კრიტიკული შენიშვნა, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის დღევანდელ დოკუმენტში. ჩვენი მეგობრების განწყობა არის სრულიად ნათელი, საქართველოსა და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან კრიტიკული და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც, ისე – როგორც ქვეყნის შიგნით, ვითარება არის მომწიფებული გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.