რუსეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია
მოსკოვი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს შეკავებისა და ცეცხლის გაუხსნელობის რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გამოიყენება არტილერია. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, მოსკოვში დაუშვებლად მიაჩნიათ ვითარების ესკალაცია, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
“მოვუწოდებთ, მხარეებს შეკავება გამოიჩინონ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არ გადაუხვიონ”, -აღნიშნულია განცხადებაში.
თოვუზთან 12 ივლისს მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაშავდა.