“როცა მათ შენი იმედი აქვთ, ვერ მიატოვებ, ვერ გადადებ ხვალისთვის” – ახალგაზრდა მეგზევე აჭარიდან (ვიდეო)

სერგი კაკაბაძისთვის მთავარ საზრუნავს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე დაზარალებულად ითვლებიან. სერგი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეგზევეა.

ახალგაზრდა კაცი ძირითადად, მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას უზრუნველყოფს.

როგორც თავად ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, აუცილებელია ყველა სოფელს ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული გზა ჰქონდეს. მისი თქმით, ეს სოფლის განვითარებასაც და სოფლიდან სხვადასხვა ქალაქებში მიგრაციის შემცირებასაც ხელს შეუწყობს.

სერგი კაკაბაძეს სამშენებლო სფერო ბავშვობიდან აინტერესებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა საგზაო-საინჟინრო მიმართულებით გააგრძელა. სპეციალური ფორმის ჩაცმის შემდეგ, პასუხისმგებლობა გაუჩნდა იმ ხალხის მიმართ, რომლებისთვისაც გზა ერთადერთია ცივილიზაციასთან, უკეთესობასთან და ეკონომიკურ განვითარებასთან დასაკავშირებლად.

“თავიდანვე გააზრებული მქონდა ის, რომ მეტი პასუხისმგებლობა იყო საჭირო დაზარალებულებთან მუშაობისას. როცა მათ შენი იმედი აქვთ, ვერ მიატოვებ, ვერ გადადებ ხვალისთვის იმას, რაც შეგიძლია დღეს მოუგვარო. სისწრაფე და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, თუ გზა ჩაიკეტება, თუნდაც ორი ან სამი დღით, დიდ პრობლემას იწვევს. გზა ბევრ რამესთანაა კავშირში, ბავშვები სკოლებში ტრანსპორტით დადიან, საკმაოდ მოშორებითაა სკოლა, თუ მათ არ გავუხსენით გზა, განათლებას ვერ მიიღებენ, გლეხი თავის ნაწარმს ვერ გაყიდის, ყველაფერს ტრანსპორტირება სჭირდება და ინფრასტრუქტურულად გამართული, მოწესრიგებული გზა“,- აღნიშნავს სერგი კაკაბაძე.

მიუხედავად იმისა, რომ სერგი კაკაბაძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სულ რამდენიმე თვეა მუშობს, მან მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად გზებზე შექმნილ რიგ პრობლემებს წარმატებით გაართვა თავი და  გუნდთან ერთად , მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში, მოახერხა მეწყერისა და უხვი ნალექისგან გზების გათვისუფლება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები