საინფორმაციო კამპანია თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” გულისხმობს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრ CENN-ის „ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკის“ მონაწილეები ესტუმრნენ.
​მოსწავლეებს ცენტრის დირექტორი, ქალბატონი თამარ ალადაშვილი, შეხვდა და ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის როლზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბანაკის მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ტრენინგების ჩატარება ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ კამპანიას 2019 წლის ბოლომდე გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები