დღეს ღვთისმშობლობაა
დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა–ლოცვა აღევლინება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.