ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოსთან ეფექტური ბრძოლის საშუალება აღმოაჩინეს
ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს საშუალება, რომლის მეშვეობით ადამიანის იმუნურ სისტემას სიმსივნესთან ბრძოლის ეფექტური შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ახალი თერაპია კლინიკურად არ შემოწმებულა. მკურნალობის მეთოდი შესაძლოა, საკმაოდ ძვირად ღირებული იყოს. ამის მიუხედავად, მეცნიერები ახალ აღმოჩენას სიმსივნესთან ბრძოლის საკითხში ბოლო დროს მიღწეულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას უწოდებენ. მეცნიერების განცხადებით, ახალი თერაპიის მოქმედება ასეთია – სიმსივნის ყველა შემთხვევაში მისი შესწავლა და იდენტიფიკაცია, ხოლო შემდეგ მის დასამარცხებლად ორგანიზმის იმუნური სისტემის „დამიზნება“.