“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანი მოვიდეს და ხელი დამარტყას ან შემოიჭრას, თუმცა ამისთვისაც ვალში არ დავრჩები”
„ლევან გაჩეჩილაძეს ხვალ “მაესტროში” როგორც სტუმარს, ისე უმასპინძლებენ“ – ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
გადაბაძის ინფორმაციით, მეურვეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არანაირი პრობლემა არ ექნება შენობაში შემოსვლის, ასევე, მოუსმენს ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას. “მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანი მოვიდეს ხვალ, ჩვენ ვიჩხუბოთ, ხელი დამარტყას ან შემოიჭრას, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ და ვალში არ დავრჩები”, – განაცხადა გადაბაძემ.
მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს მიიღებს, როგორც სტუმარს სათათბირო ოთახში და არა იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე საშვის დაშვების გარეშე ვერავინ შევა. “არავინ იფიქროს, რომ გამოკერებული ვარ დირექტორის სკამს. მე დავსაქმდები, გარწმუნებთ. რომც არ დავსაქმდე, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ აქ არის პრინციპის საკითხი. შესაბამისად, მე მას ვეტყვი, რომ არ მჯერა იმისი, რაც მითხრა”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ. მისი თქმით, თუ თანამშრომლებს უნდათ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობა, პრობლემა არ არის, ამ ეტაპზე თანამშრომლები მათი სახელით ლაპარაკის უფლებამოსილებას გადაბაძეს ანიჭებენ.