რას აცხადებს გიორგი პაპუაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სარჩელთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა დაკანონების მოთხოვნით დარეგისტრირებულ სარჩელზე სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ჟურნალისტებთან პირველად საუბრობს.
პაპუაშვილი განმარტავს, რომ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პირველ რიგში, გადაწყდება, სარჩელი არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციაში.
“სარჩელი ჯერ მხოლოდ კანცელარიაში დარეგისტრირდა და შემდგომ რიგითობის მიხედვით დაიწყება განხილვა. პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, რამდენად ჩვენი იურისდიქციაა ამ სარჩელზე. საუბარია ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლების ქორწინებაზე. შინაარსს ჯერ არ ვიცნობთ და, როცა გავეცნობით, შესაბამისი პროცედურების მიხედვით გადაწყდება, რამდენად მისაღებია სარჩელი საერთოდ განსახილველად”, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
მოსარჩელე გიორგი ტატიშვილი ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”.