ოთარ დანელია ისრაელის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ისრაელის მხარდაჭერით ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, იუვალ ფუქსმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრი პირადად დაესწრება სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას – AGRITECH-ს, რომელიც 2015 წლის აპრილში ისრაელში გაიმართება.
საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის 2015 წლის გეგმების განიხილვისას განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებას დაეთმო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით საერთაშორისო განვითარების სააგენტო MASHAV სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან აქტიურად ითანამშრომლებს.
იუვალ ფუქსის თქმით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს MASHAV-ის ორგანიზებით სასწავლო კურსები ფერმერებისა და ექსტენციების წარმომადგენლებისათვის წელსაც განხორციელდება. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები