რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის უფასო სასადილოების მონიტორინგი განახორციელა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპიტატმა, რიმა ბერაძემ მის რაიონში არსებული სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოების მონიტორინგი ჩაატარა.
ჩუღურეთის რაიონში ხუთი ასეთი სასადილო ფუნქციონირებს. მაჟორიტარის შუამდგომლობით მათ დაფინანსება გაეზარდა. ამან გააჩინა შესაძლებლობა, რომ ხუთივე სასადილოში მოწესრიგებულიყო ინფრასტრუქტურა და თბილისის წინა მთავრობის პერიოდში არსებულთან შედარებით სოციალურად დაუცველებს გაცილებით უკეთესი კვება ჰქონოდათ.
ამისთვის უფასო სასადილოების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით გამოცხადდა ახალი ტენდერი.
გაზრდილი დაფინანსების წყალობით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა ჩუღურეთის რაიონში 2540-დან 2700-მდე გაიზარდა და ამ სასადილოებში დამატებით კიდევ 12 ადამიანი დასაქმდა. ამ ობიექტებში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად რიმა ბერაძემ უფასო სასადილოები მოინახულა.
ერთ-ერთი სასადილოს ბენეფიციარებმა, რომელიც ართვინის ქ. N71-ში მდებარეობს, რიმა ბერაძეს სთხოვეს, რომ N53 ავტობუსის მარშრუტი გაგრძელდეს ართვინის ქუჩის ბოლომდე, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც უფასო სასადილოდან მოშორებით ცხოვრობენ, ამ ავტობუსით შეძლონ სასადილოში მისვლა.
რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველებს განუმარტა, რომ პირადად მისგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურში გაგზავნილია შუამდგომლობა თხოვნით, რომ N53 ავტობუსის მარშრუტი გაგრძელდეს და უახლოეს მომავალში ადგილობრივებს ეს პრობლემა მოუგვარდებათ.
როგორც მონიტორინგის შედეგად გაირკვა, უფასო სასადილოების ბენეფიციარები კმაყოფილები არიან სასადილოების მომსახურებით და საკვების ხარისხითაც.
ხუთივე სასადილოში სოციალურად დაუცველებმა დეპუტატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ამჟამად გაცილებით უკეთესი კვებაა და სანიტარული პირობებიც გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, რისთვისაც სოციალურად დაუცველებმა საკუთარი რაიონის მაჟორიტარს მადლობა გადაუხადეს.
„სასადილოში სისუფთავეა, ძალიან კარგად გვემსახურებიან, ძალიან გემრიელ საჭმელს გვიმზადებენ და, ვინც აქ მუშაობს, ყველანი კარგები არიან. განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით კვება ბევრად გაუმჯობესდა“, – განაცხადა უფასო სასადილოს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, ნათელა კვინიკაძემ.
რიმა ბერაძე აღნიშნავს, რომ, ზოგადად, სასადილოებში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია.
„სულ რაიონში ხუთი სასადილოა. მონიტორინგის ჩასატარებლად ხუთივე მათგანს ვეწვიეთ. ყველაზე მთავარია ის, რომ მოსახლეობა კმაყოფილა ინფრასტრუქტურული პირობებით (რაც მაქსიმალურად არის გაუმჯობესებული) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკვების ხარისხი არის გაუმჯობესებული“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები