სომხეთში ჩიკუნგუნიას ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში ჩიკუნგუნიას ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ ადგილობრივ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ქვეყანაში შემთხვევა 18 თებერვალს დაფიქსირდა. პაციენტი სეიშელის კუნძულებზე კოღოს ნაკბენის შემდეგ დაინფიცირდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ ჩიკუნგუნიას ცხელების აფეთქებები ბოლო დროს სეიშელის კუნძულებზე, შრი-ლანკაში, სურინამში, ბოლივიასა და კუბაში დაფიქსირდა.

დაავადების ინკუბაციის პერიოდი 2-დან 12 დღემდე გრძელდება. ძირითადი სიმპტომებია მაღალი სიცხე, სახსრების ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და სისუსტე.

ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს და ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ არ გამოიყენება.

რისკ-ჯგუფში შედიან ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ორსული ქალები. ვირუსი უმეტესად სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ჯანმო აღნიშნავს, რომ დაავადება არათანაბრად არის გავრცელებული რეგიონებს შორის და ვირუსის ახალ ტერიტორიებზე შეტანა, უმეტესად, მოგზაურობებითაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები