მაკრონმა სოციალურ მედიაში სიტყვის თავისუფლების დაცვას „სისულელე“ უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიაში სიტყვის თავისუფლების დაცვას „სრულ აბსურდს“ უწოდებს.
Bloomberg-ის ცნობით, მან ეს განცხადება დღეს, ინდოეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
როგორც ცნობილია, ევროპული ქვეყნები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია, არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავენ. მარეგულირებლები აცხადებენ, რომ ეს სერვისები მავნებელია და დამოკიდებულებას იწვევს.
ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთი კომპანიების სარეკლამო შემოსავლებზე, როგორიცაა Instagram და Facebook, Snap Inc., X, TikTok და YouTube.
აშშ მსგავს აკრძალვებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი სიტყვის თავისუფლებას ცენზურას უქმნიან.
„წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ იქმნება მათი ალგორითმი, როგორ ხდება ტესტირება, მომზადება და სად მიგიყვანთ ის, ამ მიკერძოების დემოკრატიული შედეგები შეიძლება უზარმაზარი იყოს“, – თქვა მაკრონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მხარს უჭერს „თავისუფალ და სრულად გამჭვირვალე“ ალგორითმებს.
„ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას – კარგი, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ ალგორითმებს – სრულიად გამჭვირვალეს. სიტყვის თავისუფლება სრული სისულელეა, თუ არავინ იცის, როგორ გიბიძგებენ ამ ე.წ. სიტყვის თავისუფლებისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ერთი სიძულვილის ენიდან მეორეზეა მიმართული“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის წინ აღუდგებოდა უცხო სახელმწიფოების მიერ „ჩვენი დისკურსის ცენზურის“ ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვისკენ მოწოდება გააკეთა, ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მთავრობა რამდენიმე თვეში გეგმავს კანონმდებლობის შემოღებას, რომელიც ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომას და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენებას დაარეგულირებს.
თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის პროკურატურა კიბერპოლიციასთან ერთად ილონ მასკის კომპანია X-ის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. გამოძიება, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწყო, X პლატფორმის ალგორითმებში არსებულ მიკერძოებას ეხება.
მასკმა ჩხრეკებს პოლიტიკური თავდასხმა უწოდა.