დავით ქართველიშვილი: ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის თქმის სახით, არა ევროპული, არამედ უფრო აფრიკული ან „ვესტ-ინდური“ გამოცდილების ხასიათს ატარებს
„სალომე ზურაბიშვილს ეძლევა უნიკალური შანსი შევიდეს „ვიკიპედიაში“ ისეთი განთქმული სახელმწიფო ლიდერების გვერდით, როგორებიც იყვნენ: ჟან-ბერტრან არისტიდი, იაჰია ჯამე და რობერტ მუგაბე – საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ისტორიაში“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აფასებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დატოვოს ორბელიანების სასახლე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ახალი პრეზიდენტის არჩევით, მისი ლეგიტიმაცია ამოიწურება.
„საქართველო „შიგ-ევროპელობის“ მორიგი გამოვლინების მოლოდინშია. ამჯერად ნაცების მესამე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. თუმცა, ამრიგად მისი მორიგი ანტიკონსტიტუციური გამოხტომა – საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევისთანავე, ორბელიანების სასახლის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის თქმის სახით, არა ევროპული, არამედ უფრო აფრიკული ან „ვესტ-ინდური” გამოცდილების ხასიათს ატარებს.
ჰაიტი: პრეზიდენტმა ჟან-ბერტრან არისტიდიმ 2004 წელს, მორიგი კრიზისის შემდეგ, დატოვა პრეზიდენტობა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ქვეშ – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ფიზიკურად გაიყვანეს სასახლიდან.
გამბია: იაჰია ჯამემ, რომელიც გამბიას 1994 წლიდან მართავდა, 2016 წლის არჩევნებში დამარცხებაზე უარი თქვა. მან უარი თქვა საპრეზიდენტო სასახლის დატოვებაზე მას შემდეგაც, რაც მისმა მემკვიდრემ, ადამ ბაროუმ ფიცი დადო. მხოლოდ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამხედრო ჩარევის შემდეგ დათანხმდა ჯამე ქვეყნის დატოვებას.
ზიმბაბვე: 2017 წელს რობერტ მუგაბემ, რომელიც ქვეყანას 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, არმიისა და საკუთარი პარტიის ზეწოლის შემდეგ უარი თქვა გადადგომაზე. პრეზიდენტის სასახლეში მისი იზოლაცია რამდენიმე დღით გაგრძელდა, სანამ გადადგომის შესახებ მან განცხადებას არ მოაწერა ხელი.
ამ სამივე განსხვავებულ შემთხვევას ერთი რამ აერთიანებს: ექს-პრეზიდენტების უარი სამუშაო სივრცის ნებაყოფლობით დატოვებაზე და მათი სხვადასხვა ტიპის იძულებითი ხერხებით იქიდან გამოყვანა.
ამ მხრივ, სალომე ზურაბიშვილს ეძლევა უნიკალური შანსი ამ ხერხით მაინც შევიდეს „ვიკიპედიაში“ და ისეთი განთქმული სახელმწიფო ლიდერების გვერდით, როგორებიც იყვნენ: ჟან-ბერტრან არისტიდი, იაჰია ჯამე და რობერტ მუგაბე – საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ისტორიაში“, – წერს დავით ქართველიშვილი.