“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას”, – შესაბამის განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ.
მიუღებელია უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით.
შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, უკეთ იყოს მომზადებული მომავალში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის.
ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.