დავით კაჭარავა: ევროკავშირის მხრიდან თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება, გამოიყენება იარაღად იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს დაპირისპირება, რათა როგორმე მოახერხონ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა

 ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ და მას „სწორი” და „უმნიშვნელოვანესი” უწოდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებს ის გარემოებები, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იდგმებოდა არაპარტნიორული ნაბიჯები.
 „პირველ რიგში, რაც შეეხება ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ეს არის სწორი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ევროკავშირის მხრიდან თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხებოდა, გამოიყენებოდა იარაღად იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გაჩენილიყო. მათ სურდათ როგორმე მოეხერხებინათ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში მოეყვანათ ადამიანები, თავიანთი აგენტურა, რომლებიც მათ დავალებებს პირნათლად შეასრულებდნენ. მარტივი მაგალითია ამის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოვლენები, როცა კანდიდატ სამ ქვეყანას შორის საქართველოს ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია ეკავა, მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან დიდი დაპირისპირების საგანი გახდა,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.
მანვე კატეგორიულად დაგმო ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსთაველზე. „რაც შეეხება ძალადობას, ნებისმიერ შემთხვევა ძალადობის მიუღებელია და აქ არ არსებობს „მაგრამ”, „იმიტომ” და ა.შ. ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ძალადობა , ის რომ წაქცეულ ადამიანს ფეხებს ურტყამენ და ის, რომ სამართალდამცავებს, რომლებიც წესრიგის დასაცავად დგანან, თავში აგურებს უშენენ და პიროტექნიკას სახეში ესვრიან, რა თქმა უნდა მიუღებელია, და თითოეული ქართველისთვის ამის ყურება ძალიან ძნელია. ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები