“მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს, დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში, თითოეულმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და არ მიმართოს ძალადობას” – შალვა პაპუაშვილი

“მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს, დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში. თითოეულმა მონაწილემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და არ მიმართოს ძალადობას, რამაც შესაძლოა, დააზიანოს სხვა ადამიანები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საპოლიციო ძალები ვალდებული არიან, გამოიყენონ სპეციალური საშუალებები ძალადობის აღსაკვეთად.

“სამი დღეა, საზოგადოება აკვირდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სრულად არის ამოვარდნილი მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებიდან. ვხედავთ, რომ აქციაზე სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრების მომენტიდანვე იწყება ძალადობრივი ექსცესები, რომლებიც მალევე გადადის ვანდალიზმში პარლამენტის შენობის მიმართ და ძალადობაში პოლიციელების მიმართ.

მინდა, მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში. თითოეულმა მონაწილემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და არ მიმართოს ძალადობას, რამაც შესაძლოა, დააზიანოს სხვა ადამიანები. ძალადობის აღსაკვეთად საპოლიციო ძალებს მოეთხოვებათ, გამოიყენონ კანონით განსაზღვრული მართლზომიერი ძალა და არ გადააჭარბონ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას.

სახელმწიფო არის ერთადერთი, ვისაც აქვს დანაშაულის აღსაკვეთად და მოქალაქეების დასაცავად ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება და ვალდებულება. ეს ვალდებულება განსაკუთრებით ვლინდება მაშინ, როდესაც სახეზეა ძალადობრივი მასობრივი აქცია. ბოლო სამი დღის განმავლობაში საზოგადოება აკვირდება, რომ რუსთაველის გამზირე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეკრებისთანავე იწყებს ვანდალიზმს, ქონების დაზიანებას და პოლიციელებზე ფიზიკურ ძალადობას, ქვების და ასაფეთქებლების დამიზნებით სროლით. ყოველ ჯერზე შსს-მ არაერთხელ, როგორც საჯარო განცხადებით, ისე ადგილზე, გააფრთხილა აქციის მონაწილეები, შეეწყვიტათ ძალადობა, თუმცა უშედეგოდ.

ყოველ ჯერზე შსს მხოლოდ მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ იწყებდა ძალადობის აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ამ დროს მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ ძალადობის შეწყვეტაა. რჩება შთაბეჭდილება რომ აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიზანს სწორედ ძალადობა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება წარმოადგენს. „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა, სპეციალური ხსნარები, ამ საშუალებების გამოყენება ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა, სიცოცხლისთვისაც კი საშიში იყოს. ამიტომაც ვხედავთ, რომ ნაცვლად რუსთაველის გამზირზე აქციის მშვიდობიანად გამართვისა, აქციის მონაწილეების ნაწილი მიზანმიმართულად ინაცვლებს პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე, 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე, და უტევს ამ ქუჩებზე განლაგებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც იცავენ პარლამენტის შესასვლელებს.

საპოლიციო ძალები ვალდებული არიან, გამოიყენონ სპეციალური საშუალებები ამგვარი ძალადობის აღსაკვეთად, რათა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგიც, მშვიდობიანი აქციაც და მათ შორის, მოძალადეთა სიცოცხლე.

თვალსაჩინოებისთვის შემიძლია გავიხსენო კადრი, როცა ვნახეთ, როგორ მოძვრა პარლამენტის ჭიშკარს ჯაჯგურის შედეგად, რკინის მძიმე დეტალი და თავში დაეცა ერთ-ერთ იმ პირს, ვინც თავად არყევდა ჭიშკარს; ასევე ვნახეთ კადრები, როდესაც პიროტექნიკით პოლიციელზე თავდამსხმელ პირს ის თავად ხელში აუფეთქდა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრები სრულად და მთლიანად ვერ წარმოაჩენენ ყველა დეტალს, რაც ადგილზე ხდება. მედიის მიერ შექმნილი სურათით ბევრს ალბათ ჰგონია, რომ პარლამენტში შეჭრა ვერ მოხდა და მხოლოდ საღებავის გამოყენებით დატოვეს დემონსტრანტებმა კვალი და წარწერები.

დღის განმავლობაში ჩატარებული დათვალიერებით, შემიძლია გითხრათ, რომ წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი, დაზიანდა ჭიჭინაძის და რუსთაველის გამზირის მხრიდან ქვედა სართულების თითქმის ყველა ფანჯარა, დაზიანებულია სხვადასხვა სახის საოფისე ტექნიკა. დამწვარია პარლამენტის ხის კარი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, განადგურდა პარლამენტის ცენტრალური კორპუსის გათბობა-გაგრილების აგრეგატები, დაზიანდა სასაწყობე სივრცე და სასწავლო ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორია, სრულადაა განადგურებული პარლამენტის კაფეტერია, რომლის ფანჯრებიც გადიოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე. ცალკე მსურს, ხაზი გავუსვა პარლამენტის შენობის გარე განათებას, რომელიც მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი დაზიანებების შედეგად გათიშულია.

წინა დღეებში ჩვენ მკაცრად გავაკრიტიკეთ ყველა ის ოფიციალური განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლება მოიხსენიეს, როგორც მშვიდობიანი მიტინგის დამრბევი თუ დამშლელი. მკაფიოდ მსურს, განვაცხადო, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის დაცული. ნებისმიერი მასშტაბისა და ნებისმიერი ხანგრძლივობის აქცია და პროტესტი დაცულია კანონით, თუკი იგი ატარებს მშვიდობიან ხასიათს.

საქართველოს საპოლიციო ძალები გამოყენებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანიფესტაცია იღებს ძალადობრივ ხასიათს. მომხდარის სხვაგვარად შეფასება წარმოადგენს გამიზნულ სიცრუესა და დეზინფორმაციას, რომელიც, ამავე დროს, ადვილად არის ამოსაცნობი, რადგანაც მიმდინარე პროცესი ერთდროულად რამდენიმე ტელევიზიის მიერ გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით და სურათი ნათელია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები