უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე მიწის საექსკავაციო და გვირაბის რკინაბეტონის ფილის მოწყობის სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, გვირაბის კედლების არმირების პროცესი ხორციელდება.

სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

“უნივერსიტეტის ქუჩაზე ეწყობა გვირაბი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ ბაგების დასახლებაში, ახლად აშენებული ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ბაგებიდან ქავთარაძის ქუჩას პირდაპირ დავუკავშირდეთ, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადავიდეთ. ეს უნივერსიტეტის ქუჩას ძალიან დაეხმარება და განტვირთავს თამარაშვილის გამზირსაც. ტერიტორიაზე, მუშაობის თვალსაზრისთ, გარკვეული პრობლემები გვქონდა. მოგვიწია არსებული კლდის ჩამოშლა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა ხმაურის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარკვეულწილად, შეფერხებით ვმუშაობდით, თუმცა პროექტს ძალიან მალე, მომავალი წლის პირველ კვარტალში დავასრულებთ. დედაქალაქში მსგავსი სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, დამონტაჟდება LED სანათები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები.

აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მისი გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც თავის მხრივ, ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით.

პროექტს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით ფინანსდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები