კახა კალაძე – აქციებზე რუსეთის მოქალაქეების დაკავებაზე: გასარკვევია, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გასარკვევია, ვინ არიან, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებმა აქციებზე დააკავეს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„ერთი-ორი კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ალბათ, გამვლელი ტურისტები არიან. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მგონი, რვა ადამიანია. როდესაც შენ ძალადობ პოლიციაზე, ეს წარმოუდგენელია. დასადგენია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში. ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი. ასევე, ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც პარლამენტში იყო შეჭრილი და შენობის დაწვას ცდილობდა. ყველაფერს გაეცემა პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც პარლამენტში შეიჭრა, შესაძლოა, უცხოელ ინსტრუქტორებთან გვქონდეს საქმე, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს“.