“მოქალაქეობრიობა მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემაში არ გამოიხატება, ის საკუთარი ხმის და არჩევანის დაცვაშიც გამოიხატება, რაც დემოკრატიის ანბანური ჭეშმარიტებაა” – ზაალ ანჯაფარიძე
“მიმდინარე და პროგნოზირებადი მოვლენების ფონზე ვცდილობ, გავერკვე, რა გახლავთ იმ მოქალაქეების პასიურობის მიზეზები, რომლებმაც ამ არჩევნებზე ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს და ქვეყნის მართვის მანდატი ანდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოქალაქეობრიობა მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემაში არ გამოიხატება, ის საკუთარი ხმის და არჩევანის დაცვაშიც გამოიხატება, რაც დემოკრატიის ანბანური ჭეშმარიტებაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მაშინ რატომაა, რომ „ქ/ოცნების“ ამომრჩეველთა ხმა სოცქსელებს არ სცდება, და ჩემი დაკვირვებით არც ისე ინტენსიურია.
კიდევ უფრო უცნაურია საზოგადოებრივი აზრის იმ ლიდერების პასიურობა, რომლებიც „ქ/ოცნების“ მომხრეებად ითვლებიან. ასევე კითხვას იწვევს – სადამდე იქნება „ქ/ოცნება“ თავდაცვა-მოლოდინის რეჟიმში? მესმის, რომ მათ შეიძლება საკუთარი სამოქმედო გეგმა ჰქონდეთ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც მათ ამომრჩეველს, ვფიქრობ მაქვს ლეგიტიმური უფლება მათ ეს კითხვა დავუსვა.
ორ კვირაში, სახელისუფლებო პარტიას და მის ამომრჩევლებს მოუწევთ სიმტკიცეზე მორიგი ტესტის ჩაბარება. ეს ტესტი კი უკავშირდება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მისივე განცხადებით, არ აპირებს რეზიდენციის დატოვებას, რადგანაც ვადის ამოწურვის მიუხედავად, თავს კვლავ პრეზიდენტად მიიჩნევს, და მომხრეებს მისი დაცვისკენ მოუწოდებს.
თუ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი ზომები არ მიიღო და ახლად არჩეული პრეზიდენტის საკუთარ რეზიდენციაში შესვლა ვერ/არ უზრუნველყო, მაშინ ჩემი აზრით, ეს იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, რომლებსაც ოდესღაც ზურაბიშვილი აარჩევინეს”, – წერს ანჯაფარიძე.