“დღეს ჩვენ კონკრეტული კადრები გვაჩვენეს, როგორ მარაგდებოდნენ დიდი ლოდებით, ქვებით, სპეციალურად მომზადებული ბოთლებით” – ნინო წილოსანი
“ჩვენ ვხედავთ, რომ აქცია არ არის მშვიდობიანი ხასიათის, ის არის ძალადობრივი ხასიათის. წარმოუდგენელია, დღეს ჩვენ კონკრეტული კადრები გვაჩვენეს, როგორ მარაგდებოდნენ დიდი ლოდებით, ქვებით, სპეციალურად მომზადებული ბოთლებით”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„დავიწყებ იმით, თუ რა გახდა საფუძველი რუსთაველზე ამ ახალი ტალღის დემონსტრაციებისა. ეს იყო განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ, ჩვენს ძალისხმევას არ მოვაკლებთ ამ პროცესს. 2028 წლამდე გაცილებით უფრო ინტენსიურად მოვემზადებით და ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მზად ვიქნებით. თუმცა მოლაპარაკებების გახსნის პროცესი, რომელიც სამწუხაროდ, იქცა გარკვეული დაშანტაჟების და პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად, ჩვენი მხრიდან არ იქნება აქტუალიზებული. რა თქმა უნდა, ამან დააპროვოცირა ყველაფრის არასწორი აღქმების გარკვეულწილად შექმნა, რაშიც ვიცით რამდენად კარგად არიან დახელოვნებულები. ფაქტობრივად, გვაბრალებენ იმას, რაც არასდროს გაგვიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებთ. უკან რომ გავიხედოთ, დავინახავთ მხოლოდ და მხოლოდ იმას, „ქართული ოცნება“ როგორ მიიწევს წინ კანდიდატის სტატუსის ბოლო, თუნდაც პროცესებიდან მოყოლებული ევროკავშირისკენ და გვაბრალებენ, რომ მომავალში შეიძლება რაღაც გავაფუჭოთ, ისევე, როგორც გახსოვთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც მოქმედებს და არანაირი რაღაც ისეთი ძალის მატარებელი არ არის.
ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ რა ფორმა მიიღო აქციებმა. მათ შორის, სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც სწორედ ევროპის დაცვის იდეით გაიყვანეს ამ აქციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ აქციის მიმდინარეობის რაღაც ეტაპზე უკვე ეცლებიან ამ პროცესს, ვინაიდან, აქ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რეალურად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ აქცია არ არის მშვიდობიანი ხასიათის, ის არის ძალადობრივი ხასიათის. წარმოუდგენელია, დღესაც ჩვენ კონკრეტული კადრები გვაჩვენეს, როგორ მარაგდებოდნენ დიდი ლოდებით, ქვებით, სპეციალურად მომზადებული ბოთლებით. გუშინ ვუყურებდით ფეიერვერკებს როგორ უშენდნენ სპეცსამსახურს და პოლიციელებს. ფაქტობრივად, არ იკმარეს მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელების დაწვა და უსასტიკესი ფორმა მოიფიქრეს, როგორ შეიძლება მათი დასახიჩრება. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ის კადრები, როდესაც გარკვეული სპეცსამსახურის წარმომადგენლები არასწორად იყენებენ ძალას კონკრეტული მოქალაქეების მიმართ. ყველა მიმართულებით ვგმობთ ძალადობას, თუმცა, სამწუხაროდ, ის მხარე, რომელიც ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს და ხვდებიან, რომ ძალადობის ნაწილში პატარა გადამეტებაც კი ძალიან დიდ ემოციას და აღშფოთებას აპროვოცირებს, მათ შორის, ჩვენშიც, ცდილობენ, რომ ასეთი შემთხვევები რაც შეიძლება ხშირად შექმნან და ეს იყოს კიდევ უფრო მეტი მუხტის მიმცემი“, – აღნიშნა წილოსანმა.