საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ – რას წერენ გავლენიანი გამოცემები

საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. თბილისში, წუხელ ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდართან დაკავშირებით წერენ BBC, Guardian, CNN, Deutsche Welle და კიდევ სხვა საერთაშორისო მედიის გამოცემები.

გამოცემა Guardian-ი წერს, რომ საქართველოს პროევროპელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა საკუთარი ხალხისთვის “ომის” გამოცხადებაში დაადანაშაულა.

“მას შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს, თბილისში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი მომიტინგეების დასაშლელად,- ასე აღწერს “გარდიანი” დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.

“ხუთშაბათს ღამით, 43 ადამიანი დააკავეს საქართველოს დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციებზე, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებას “2028 წლის ბოლომდე შეწყვეტს. მანამდე, ხუთშაბათს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც არჩევნებს აღწერს, როგორც დემოკრატიული კრიზისის გამწვავებაში საქართველოში უახლეს ეტაპს და განაცხადა, რომ ამაში სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა არაერთხელ მიმართეს პროვოკაციებს, დააზიანეს ინფრასტრუქტურა და დააშავეს 32 პოლიციელი. ამასთან, პოლიციელების სამიზნე გახდნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც პრესის ეტიკეტები ეცვათ”,- ასე გამოეხმაურა “ბიბისი” გუშინდელ საპროტესტო აქციას.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ეს “არაკონსტიტუციური” ნაბიჯი 100-ზე მეტმა დიპლომატმა გააკრიტიკა.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს “დო­ი­ჩე ველე”. სტატიაში გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცხადებული აქვს, რომ მათ ევროკავშირთან დაახლოება და ევროინტეგრაცია სურთ.

CNN-ი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონიათ.

“ქართული ოცნების უცხოელი და ადგილობრივი კრიტიკოსები ამბობენ, რომ პარტია, რომელშიც მისი მილიარდერი დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დომინირებს, აბრუნებს საქართველოს უკან მოსკოვისაკენ, საიდანაც მან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.

საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას და არ მოსწონს რუსეთი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას. მოვლენების პარალელურად, პუტინმა შეაქო საქართველოს მთავრობა და აღნიშნა, რომ მათ სიმამაცე და მტკიცე ხასიათი გამოავლინეს”,- წერს “სიენენი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები