საქართველოს ელჩი ჩეხეთში: ერთგული ვრჩები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, მას ალტერნატივა არ აქვს

“ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ევროპულ ოჯახში დაბრუნება საქართველოს ისტორიული არჩევანია.

“მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის.

ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას.

ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს”,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები