“ხალხი დაიღალა ევროპარლამენტის რეზოლუციით, სადაც წერენ, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერია, სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა დასანქცირდნენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის უკვე მეხუთე რეზოლუციაა მიღებული.
„ევროპარლამენტმა მეხუთე რეზოლუცია მიიღო, სადაც წერენ, რომ თითქოს, დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერია და „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა დასანქცირდნენ, რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ჩვენი ეკონომიკა გავანადგუროთ და სააკაშვილს მოვიხსენიებდეთ, როგორც პოლიტიკურ დევნილად და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს. ასევე უნდა გაუქმდეს ანტილგბტ კანონი. აგვიხსნან, რატომ უნდა გავიწვიოთ და რა შუაშია ლგბტ პროპაგანდა ევროპულ ღირებულებებთან? „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ არის კანონი ცუდი, ან ამ კანონის რომელი მუხლი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ ღირებულებებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.