“არჩევნების ჩატარებიდან 26-ე დღეა და არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც მიანიშნებდა, რომ სისტემურ დარღვევას ან რაიმე ისეთ დარღვევას ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ამ წუთებში, კალანდარიშვილი საგამოძიებო უწყებაში, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში, გამოკითხვაზე იმყოფება.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურა სავარაუდო გაყალბების ფაქტზე შესაბამის გამოძიებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუცია, რა თქმა უნდა, მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურატურასთან. ორი მარტივი მიზეზის გამო, პირველ რიგში, როგორც კოლეგიური ორგანო ადმინისტრაციულ ორგანოსთან და მეორე რიგში, მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიების ფარგლებში, პროკურატურისთვის მიწოდებული იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ მტკიცებულება, რომელიც პასუხს გასცემს იმ უსაფუძვლო ბრალდებებსა, თუ ცრუ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება შესაძლო გაყალბების საქმეებს”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.