პროკურატურა ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს სავარაუდოდ, გაასაჩივრებს

 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება. პროკურორ რევაზ ნადოის განცხადებით, პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, გაასაჩივრებს. “ამ წუთას ვერ ვიტყოდი გავასაჩივრებთ, თუ არა, თუმცა დიდი ალბათობით აღნიშნული გადწყვეტილება გასაჩივრდება. დღევანდელი გადაწყვეტილების და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების შესახებ. სასამართლოს დღევანდელ გადწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით”, – განაცხადა რევაზ ნადოიმ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა. სააპელაციომ ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია საქალაქო სასამართლომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები